ჩვენთვის დიდი პატივია, ქართველ მკითხველს შევთავაზოთ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი მწერლის საქვეყნოდ აღიარებული ნაწარმოები. ჩვენთვის მისი გაცნობა დიდი აღმოჩენა იყო. იმედი გვაქვს, იგი თქვენც დიდად გაგამდიდრებთ. წიგნის სათაურის გადმოქართულებაზე ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ მისი სიტყვა-სიტყვით გადმოღება (Mere Christianity – „უბრალო ქრისტიანობა“) გააბუნდოვანებდა წიგნის ნამდვილ აზრს. ამიტომ ავირჩიეთ უფრო დინამიური სახელწოდება, რაც ზუსტად გადმოსცემს ავტორის ჩანაფიქრს.
ავტორის მიზანს არ წარმოადგენდა, რომელიმე კონ კრეტული ქრისტიანული მიმდინარეობის მოძღვრების გადმოცემა. ამ წიგნში გადალახულია ყველა დენომინაციური დაბრკოლება და წარმოჩენილია ქრისტიანობის გულისგული, ანუ ის, რაც ყველა ქრისტიანისთვის: კათოლიკესთვის, მართლმადიდებლისთვის და პროტესტანტისთვის ერთია.
მიუხედავად იმისა, რომ ლუისი მკითხველს უდიდესი ერუდიციის პოზიციიდან ელაპარაკება, ეს წიგნს მოსაწყენს და ძნელადგასაგებს არ ხდის. პირიქით, ავტორი ღმერთისა და კაცის ურთიერთობებზე საოცარი სიცხადით ლაპარაკობს, რაც წიგნის ერთარსებას წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, ეს ყველას დაეხმარება არამარტო ქრისტიანული მოძღვრების შემეცნებაში, არამედ იმის გააზრებაშიც თუ რა არის ქრისტიანული ცოლ-ქმრობა, მეგობრობა, მსახურება, ურთიერთობა, ქცევა.
მალხაზ სონღულაშვილი