საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისის შესახებ ძველსა და შუა საუკუნეების სომხურ მწერლობას მრავალრიცხოვანი მასალები და ცნობები შემოუნახავს. მათი შეგროვება, ერთად მოტანა, დამუშავება და განზოგადება საკმაოდ ძნელი საქმეა წინამდებარე შრომის მიზანი არ არის ყველა ამ მასალებისა და ცნობების სრული და ამომწურავი გადმოცემა და განხილვა. ამ წიგნის მიზანია მკითხველს წარმოუდგინოს მხოლოდ ერთი წყება მნიშვნელოვანი ცნობებისა, რომელიც დაცულია სომხურ მწერლობაში თბილისის ისტორიის შესახებ, დაწყებული ძველი დროიდან ვიდრე XVIII საუკუნის ბოლომდე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სომხურ ლიტერატურაში შემონახული ეს ცნობები შეეხება უმთავრესად უცხოელთა შემოსევებს, დარბევებს, ტყვეთა წასხმას და სხვ. საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ყოფის, წეს-ადათებისა და სოციალური ისტორიის შემცველი მასალები ჩვენს ლიტერატურაში, სამწუხაროდ, ცოტა შემოინახა (ეს საერთოდ დამახასიათებელია სომხური ლიტერატურისათვის).
წინამდებარე თარგმანი, შესრულებული ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტი ე. ცაგარეიშვილისა და აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის ნ. ჯანაშიას მიერ, გაკეთებულია ძირითადად სომხური გამოცემის მიხედვით, მაგრამ, ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ავტორის შენიშვნებიც.
ილია აბულაძე