რევაზ ინანიშვილის მოთხრობების პირველი კრებული 1953 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ მწერალმა კიდევ მრავალი კრებული გამოაქვეყნა მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც ზოგიერთი ადრეული მოთხრობებიც მეორდებოდა, მაგრამ წინამდებარე წიგნი პირველია, თავისებური რჩეულის პრეტენზია რომ აქვს.
აქ თავმოყრილი მოთხრობები და მინიატურები, ორიოდეს გამოკლებით, დაწერილია 1960 წლის შემდეგ. წიგნში ისინი დალაგებულია შებრუნებული ქრონოლოგიით, დღევანდელობიდან – იქით, წარსულისაკენ. რატომ ასე? ავტორი ფიქრობს, რომ მკითხველს პირველ რიგში მწერლის დღევანდელი დღე აინტერესებს და შემდეგ ის, საიდან და როგორ წამოვიდა იგი.