არჩილმა მთელი ლიტერატურული ეპოქა შექმნა, გაბედულად გაილაშქრა ირანული ორიენტაციის წინააღმდეგ მწერლობაში, პირველმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში პატრიოტული კილო, განამტკიცა ისტორიულ-ნაციონალური თემატიკა და მწვავედ დასვა პურისტული ენის პრობლემა. მან დიდი სიცხოველით ასახა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიული სინამდვილე, ფეოდალური კლასის საუკეთესო შვილმა დაუზოგავად ამხილა თავისივე საზოგადოებრივი წრის მორალური დაცემულობა და პოლიტიკური სიბეცე.