"იოანე მოსხის სახელთან დაკავშირებული ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე სრულად 1960 წელს გამოქვეყნდა, მრავალმხრივ არის საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, იგი საყურადღებოა ქართული ენის თვალსაზრისით: აღნიშნული ნაწარმოები დაუცავს ადრინდელი ხანის (X ს-ის) ხელნაწერებს, რომელიც მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ ჩვენი ენის ისტორიის გასათვალისწინებლად. ამას გარდა მოსხის ნაწარმოები "ლიმონარი" საგულისხმოა ქართული ლიტერატურის ისტორიისათვისაც, რადგან ეს ძეგლი, რომელიც ჩვენი მწერლობის ადრინდელ პერიოდს ეკუთვნის, თავისი ხასიათით წარმოადგენს ნოველური ჟანრის უადრინდელეს ნიმუშს. ქართული მეცნიერების ინტერესი ამ ნაწარმოებისადმი იმითაც არის გაცხოველებული, რომ ის დაცულია არა მარტო ქართულ ენაზე, არამედ უცხოურებზედაც, რომლებთან მიმართება გამოაჩენს ქართულის სპეციფიკას, რასაც მნიშვნელობა ექნება როგორც მსოფლიო მწერლობის ისტორიისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის გარკვევისათვის " – ილია აბულაძე.