კლასობანა (ესპ. Rayuela) – არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რიგით მეორე რომანი, რომელზეც ავტორი პარიზში ყოფნისას მუშაობდა, თავდაპირველად კი 1963 წლის 28 ივნისს გამოსცა. ესაა ლათინოამერიკული ბუმის ერთ-ერთი თვალსაჩინო, პოსტმოდერნისტული რომანი და მწერლის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები.
წიგნი ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა დაწერილი, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია თავების ორი განსხვავებული თანმიმდევრობის მიხედვით, ამ უკანასკნელს კი ავტორი თავად გვთავაზობს ნაწარმოების დასაწყისში, ინსტრუქციის სახით. ნაწარმოებს ხშირად ასაღებენ ანტირომანის ჟანრად, როგორც თავად ავტორმა მოიხსენია ის, რაც გულისხმობს უპასუხო კითხვების ძიების დაუსრულებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ სტილი, რომლითაც შეთხზულია აღნიშნული ნაწარმოები, საკმაოდ მრავალფეროვანია, მრავალი კრიტიკოსის ვარაუდით, ნაწარმოები ნახევრად ავტობიოგრაფიულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, თავად ავტორისეული განმარტებით, ესაა "მისი ცხოვრებისეული გამოცდილების ასახვა და მცდელობა, წერილობით გადმოსცეს იგი".