„ტერეზა დეკეირუ" ოჯახურ რომანთა ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ მორიაკი მარტო მემატიანე როდია, უჩვეულო სიმართლით რომ ასახავს ბურჟუაზიული საზოგადოების გახრწნის სურათს. მისი ნაწარმოები სავსეა დრამატული კოლიზიებით, მწერალი უდიდესი ოსტატობით გვიხატავს თავისი გმირების სიხარბესა და შეზღუდულობას, მათ სულიერ მისწრაფებებს, თვითონაც ბოლომდე რომ არა აქვთ გაცნობიერებული.