„ოთართან ერთად“ თამაზ ჭილაძემ ძმის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაწერა. როცა ჯერ კიდევ ღია იყო მისი დაკარგვით გაჩენილი ჭრილობა. წიგნი ამ დიდ ტკივილითა და დანაკარგით სავსე დოკუმენტური პროზის გამორჩეული ნიმუშია, რომლითაც ავტორი "პოეტის მკაცრი ოთახის“ კარს გვიღებს. კარს მიღმა ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ოთარ ჭილაძის შემოქმედებით ლაბორატორია და თავად მისი პორტრეტი, როგორც ძმის, მეგობრის, მშობლის, შვილსა თუ მეუღლის და რა თქმა უნდა, მოქალაქისა, რომლისთვისაც სამშობლო გულზე ახლოს და ღმერთზე ზემოთ იდგა. ამ წიგნის მთავარი თემა სიყვარულია. უფროსი ძმის სიყვარული „დიდი ძმისადმი“ (ეს სიტყვები თამაზ ჭილაძემ ოთარს ერთ-ერთ წიგნზე დაუწერა). თამაზ ჭილაძეს მიაჩნდა, რომ ამ წიგნის ავტორი, მასთან ერთად, ოთარიც იყო. მართლაც, თითქოს ფურცლიდან ფურცელზე ძმები გამუდმებით ესაუბრებიან ერთმანეთს. ვიხსენებთ თამაზ ჭილაძის ამ სიტყვებს და ყველაფერი ნათელი ხდება: „ჯერ ის ჩემთვის მოგონებად არ არის ქცეული. ჯერ ისევ ერთად ვართ, ვსაუბრობთ. ვკამათობთ. ხმამაღლა ვოცნებობთ, ვფიქრობთ, ანუ ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ გრძელდება“...