ანდრია აფაქიძის სადისერტაციო ნაშრომს საფუძვლად დაედო გურჯაანის მახლობლად სოფელ ბაკურციხეში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირას, ე. წ. „წინამხარეში“, „გორა მიწაზე“ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას ჯერ კიდევ 1926 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების „განძი“. ამ არტეფაქტების შესწავლა დაევალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექტორს“, დამწყებ არქეოლოგს, ასპირანტ ანდრია აფაქიძეს. მან იმთავითვე სწორად განსაზღვრა ამ „განძის“ ხასიათი და „სამარხთა წრის ინვენტარად“ მიიჩნია.