შრომაში მოცემულია ენის პირველადობის პოზიციის კავშირი შემეცნების თეორიასთან; ამასთან დაკავშირებით გახსნილია ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი; ნაჩვენებია, რომ ენის შინაარსობრივი მხარე წარმოადგენს ობიექტის კანონზომიერების ფსიქიკურ ასახვაში შემოსვლის ძირითად გზას და რომ სწორედ ამ მიმართულებით ენის პირველადობა არის შემეცნებითი იმანენტიზმის გარღვევის და ამრიგად, ასახვის თეორიის დამადასტურებელი ფსიქოლოგიური საბუთი. ამ თვალსაზრისით დალაგებულია ენობრივი აქტივობის ძირითადი ფსიქოლოგიური მექანიზმი, მისი მთავარი მომენტები, სახელდობრ, სისტემის, ემოციისა და გეშტალტის როლი ამ მექანიზმში, ამ კონტექსტში მოცემულია ფსიქოლოგიაში არსებული ემოციის შუაფასეულობისა და საერთოდ, ემოციის თეორიების კრიტიკული განხილვა და შემდეგ სტრუქტურის, სისტემისა და გეშტალტის ცნებების დაზუსტება და ურთიერთისაგან გამიჯვნა.