გურამ რჩეულიშვილის მხატვრული შემოქმედების ღრმად და მთლიანობაში გასააზრებლად მნიშვნელოვანია მისი დღიურები და პირადი ჩანაწერები. ამ შემოქმედების თავისებურებას, მის განსაკუთრებულ ხიბლს სწორედ დღიურისა და მხატვრული გამონაგონის ერთიანობა ქმნის. გურამ რჩეულიშვილის მწერლური ცხოვრება ოთხ წელიწადს მოიცავს - 1956 წლიდან 1960 წლამდე, მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულამდე. ამავე პერიოდში იქმნებოდა დღიურები და ჩანაწერები, როგორც მწერლის სულიერი ბიოგრაფიის ლიტერატურული ანაბეჭდები. მოთხრობებს გურამ რჩეულიშვილი უმეტესად თაბახის ფურცლებზე წერდა, დღიურებს კი - რვეულებში, დიდ და პატარა ბლოკნოტებში და იშვიათად თაბახის ფურცლებზეც. ამ გამოცემაში შენარჩუნებულია მწერლის დის, მარინე რჩეულიშვილის მიერ შემუშავებული დღიურების დასათაურების პრინციპი, იმის მიხედვით, თუ რა წყაროდანაა აღებული თითოეული მათგანი. წინამდებარე კრებულში შესულია ფრაგმენტები თითქმის ყოველი წლის ჩანაწერებიდან და დღიურებიდან.