ნაშრომი ეძღვნება ალგეთისა და ივრის ხეობის (უმთავრესად უჯარმის) არქეოლოგიური შესწავლის შედეგებს. ალგეთის ხეობის კვლევა-ძიების ანგარიში ასახავს, უპირველეს ყოვლისა, იმ წიაღისეულ არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც მიაკვლია და მეტ-ნაკლებად გამოამზეურა ექსპედიციამ თეთრიწყაროს რაიონში. შესავალში მოკლედ არის დახასიათებული ქვემო ქართლის განსაკუთრებული როლი ძველი ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში, განხილულია ქვემო ქართლის შესწავლილების საკითხი და შემდგომი კვლევის პერსპექტივები. ასევე განხილულია უჯარმის ციხესიმაგრის ისტორიის სამი უმთავრესი საფეხური. არქეოლოგიური მასალის ანალიზის მეშვეობით გაირკვა, რომ უჯარმა ადრეულ შუასაუკუნეებში წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ ცენტრსა და ქალაქის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარე სამეფო ციხე–დარბაზს.