წინამდებარე ნაკვეთში შესულია აღწერილობა სინის მთის ეკატერინეს მონასტრის ქართული კოლექციის 12 იადგარისა ( #1, 14, 18, 20, 26, 34, 40, 41, 49, 59, 64, 65), ჭილ-ეტრატის იადგარისა, რომელიც პ. უსპენსკიმ წამოიღო საბაწმინდის მონასტრიდან, ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში (I-I-2123) და კ. ტიშენდორფის მიერ სინის მთიდან წამოღებული 50 ფურცლიან ფრაგმენტისას (დაცულია ლენინგრადის სალტიკოვშჩედრინის სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში), რომელიც ხელნაწერ Sin. 34-ის კუთვნილება აღმოჩნდა. ამ სხვადასხვა სიძველისა და ტიპის 13 იადგარის ქართულად თარგმნა VII-IX სს-ში ივარაუდება, მათი ბერძნული მოდელები დღეისათვის არ ჩანს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის თავისთავადაც ადრეული უნიკალური ლიტურგიკული ძეგლების მნიშვნელობას.