სამართლის ნორმის მიერ ქცევის ზოგადი წესის დადგენა მისი აუცილებელი თვისებაა, რაც თავის მხრივ სამართლის ნორმას ზოგად ხასიათს ანიჭებს, ხოლო კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობები ინდივიდუალური და განუმეორებელია, ამიტომ დგება საკითხი ზოგადისა და კონკრეტულის, როგორც ფილოსოფიური კატეგორიების, ურთიერთმისადაგებით მათი არსის გარკვევა. ამგვარი მიდგომით გამოდის, რომ სამართლის ნორმისა და სამოქალაქო ხელშეკრულების განმარტება მხოლოდ ერთობლიობაში, ურთიერთშედარებით უნდა იყოს შესაძლებელი, მაგრამ მოხდა პირიქით. ხელშეკრულებისა და სამართლის ნორმის განმარტებას მეცნიერ-იურისტებმა მრავალი შრომა მიუძღვნეს, მაგრამ ისინი, როგორც წესი, განცალკევებულად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილებოდა. მიიჩნევა, რომ სამართლის ნორმის განმარტება სამართლის თეორიის შესწავლის საგანია, ხოლო საკითხი ხელშეკრულების განმარტების შესახებ სამოქალაქო სამართლის მეცნიერებას მიეკუთვნება. წინამდებარე ნაშრომი პირველი მცდელობაა სამართლის ნორმისა და სამოქალაქო ხელშეკრულების ერთობლივად განხილვისა.