დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და მშვენიერი ადამიანის იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა.