,,ვახტანგ VI-ს აინტერესებდა და იზიდავდა ქიმია. მან ჯერ კიდევ ისპაანში დაიწყო და რუსეთში დაასრულა ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც ვახტანგის ხელნაწერში ასეა დასათაურებული: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის“. აღნიშნული წიგნი არაა ორიგინალური ნაწარმოები, მაგრამ არც თარგმანია და არც რომელიმე უცხო წყაროს ქართული ვერსია. ვახტანგმა გამოიყენა აღმოსავლური ძეგლები, გამოკრიფა იქიდან საინტერესო მასალა, ჩაატარა ცდები და სცადა ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მიღების წესის შემუშავებაც. ზოგჯერ იგი ზეპირი ცნობებითაც სარგებლობდა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ამოწმებდა და აზუსტებდა მათ. გასაგებია, რომ ყველა ცდის ჩატარება და ყველა ცნობის შემოწმება ირანელთა ტყვეობაში მყოფი ვახტანგისათვის შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი, სურვილის წინააღმდეგ, ზოგჯერ შეუმოწმებელ მასალასაც ათავსებდა სახელმძღვანელოში, მაგრამ ამას მკითხველს არ უმალავდა და საგანგებოდ აფრთხილებდა კიდეც".