სინური მრავალთავი უძველესი (პირველი) ქართული თარიღიანი ხელნაწერია, იგი გადაწერილია 864 წელს იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში. ხელნაწერი შემდეგ შეუწირავთ სინის მთის მონასტრისათვის და დღესაც იქვეა დაცული. სინური მრავალთავი დიდი მოცულობის წიგნია (შეიცავს 275 ფურცელს), რომელშიც შესულია 18 ავტორის 50 ნაწარმოები. ხელნაწერი საყურადღებოა თავისი მდიდარი ლექსიკითა და არქაული გრამატიკული ფორმებით. მასში მოცემულია აგრეთვე ძველი ქართული ლექსის თავისებური ნიმუშები. ამ ძვირფას წიგნს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ენის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის.