„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებისა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებიდან – ველური დასავლეთის კოვბოურ ცხოვრებასა და ნიუ-იორკულ ანდერგრაუნდულ-განგსტერულ ამბებამდე.
„ბროდის ანგარიში“ მოთხრობების კრებულია, რომელიც პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებსა და საგნებზე. ამ ტექსტებში მკაფიოდ წარმოჩნდება ბორხესის პროზის განსაკუთრებულობა – პოეტური ენა.
„შვიდი საღამო“ კი ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხულ შვიდ ლექციას აერთიანებს. დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“, „ათას ერთ ღამეზე“, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე... ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები.