წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გადმოახალქართულებულ ტექსტს შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი თეოლოგის, იოანე „პლატონური ფილოსოფოსის“, პეტრიწის „განმარტებისა“, რომელიც მან დაურთო V საუკუნის ბიზანტიელი ნეოპლატონიკოსის, პროკლე დიადოხოსის ტრაქტატის „თეოლოგიის საფუძვლების“ („კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი“) საკუთარ თარგმანს. პეტრიწის კომენტარები, როგორც შინაარსობრივი, ისე ენობრივი თვალსაზრისით, რთულია. მისი თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღება გაუადვილებს სპეციალისტებს (ფილოსოფოსებსა და ფილოლოგებს) და, საერთოდ, ნეოპლატონიზმით და შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნებით დაინტერესებულ მკითხველებს პეტრიწის რთული ტექსტის გაგებას და საფუძველს შექმნის იოანე პეტრიწის უაღრესად დახვეწილი, მდიდარი ფილოსოფიური ტერმინოლოგიისა და მარჯვე ტერმინოლოგიური მოდელების დამკვიდრებისათვის თანამედროვე ქართულ ფილოსოფიურ ენაში.