„ხალხის მტრები“ მისი ავტორის, ამერიკელი ჟურნალისტის, კატი მარტონის, მშობლების ისტორიაა, რომელიც AVO-ს (უნგრეთის საიდუმლო პოლიციის) არქივის მასალებს ეყრდნობა. მარტონის მშობლები, უნგრელი ებრაელები, უცხოური საინფორმაციო სააგენტოების თანამშრომლები იყვნენ. როგორც მრავალმა სხვა ადამიანმა, თავისუფლებისმოყვარე და პროგრესულად მოაზროვნე მარტონებმა თავიანთ თავზე გამოცადეს კომუნისტური ტერორის სისასტიკე და დევნა ცივი ომის პერიოდში. კომუნისტურ უნგრეთში AVO-ს აგენტურის თვალთვალი ყოვლისმომცველი იყო. ის, ვინც ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას და კრიტიკულ აზრს, რისკის ქვეშ აყენებდა არა მარტო საკუთარ კარიერას, არამედ როგორც თავისი, ისე ოჯახის თავისუფლებასა და სიცოცხლესაც კი. ავტორს სააშკარაოზე გამოაქვს რეჟიმის სისასტიკე და ამხელს ადამიანებს, რომლებმაც მის მშობლებს უღალატეს. კატი მარტონი ადამიანური განცდების სიშიშვლით წარმოაჩენს პოლიციური სახელმწიფოს დამთრგუნველ ძალას და იმას, თუ როგორ შეიძლება მივიდეს ყველაზე მამაცი ადამიანიც კი სასოწარკვეთის ზღვარზე. სწორედ ამიტომ, მარტონი სამართლიანად აღივსება სიამაყით არქივის დოკუმენტებს შორის შემდეგი სახის ჩანაწერის ნახვისას: „დაკითხვებისას ენდრე მარტონს არც ერთ უნგრელ მოქალაქეზე ჩვენება არ მიუცია“.