წინამდებარე ნაშრომში მთავარი ყურადღება ექცევა იოანე პეტრიწის მოძღვრებას არსებულისა და შემეცნების შესახებ. არსისა და აზრის ერთიანობის პრინციპი – დაწყებული ელეელი პარმენიდედან – იდეალისტური ფილოსოფიის პრინციპთა პრინციპი იყო, რომელმაც სათანადო ასახვა პოვა როგორც პლატონურ, ასევე ნეოპლატონურ აზროვნებაში. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური ნააზრევის სპეციფიკის განსაზღვრის დროს ეს მნიშვნელოვანი ასპექტი არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რადგან პროკლეს ფილოსოფიის ანალიზისა და კომენტარისადმი მიძღვნილი მისი ნაშრომი ანტიკური ფილოსოფიური სიბრძნისმეტყველების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეორემას საგანგებო ყურადღებას აქცევს.