კავკასიას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევრაზიის ისტორიაში. იგი მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ცენტრია. აქ წარმოიშვა ის კულტურულ-ეთნიკური ერთობები, რომელთაგან შემდეგ ჩამოყალიბდნენ კავკასიის მკვიდრი ხალხები. მე-IV ათასწლეულის დასასრულს კავკასიაში ლითონი მყარად შემოდის. ეს იწვევს მეურნეობრივ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს. იწყება ბრინჯაოს ეპოქა და საფუძველი ეყრება მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელიც უნიკალურია თავისი გავრცელებით. ამ კულტურის წარმომავლობა და პირველი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. არსებული მასალებიდან ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არაქსის აუზში უნდა ყოფილიყო.
წიგნში განხილულია ამ კულტურის გენეზისის, წინარე კულტურებთან ურთიერთობის, პერიოდიზაციისა და სხვა ცალკეული საკითხები.