კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ეთნიე, რომელიც მოსახლეობდა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მის აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში. ქართლი იყო ამ ერთობის თვითსახელწოდება, რაც შემდგომში ხსენებული ეთნიკური ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის აღმნიშვნელ ტერმინადაც იქცა. სწორედ ეთნიე ქართლის განვითარების შედეგად X-XI საუკუნეებში წარმოიშვა მტკიცე შიდა სოციალური შეჭიდულობის მქონე საქართველო-კოლექტივი ანუ პრემოდერნული ქართული ნაცია, ხოლო XIX საუკუნეში ამ უკანასკნელს დაეფუძნა მოდერნული ქართული ნაცია, როგორც კოლექტიურ კულტურულ იდენტობაზე აღმოცენებული ყოველი ჩვენ-ჯგუფისათვის, ქართული ეთნიეს განვითარებისათვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიას. მოქცევამ ქრისტიანობაზე კი სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა მისი წრთობის ხანგრძლივ პროცესში. ქრისტიანიზაციის შემდეგ ქართულმა ეთნიემ საკუთარი თავის მოაზრება დაიწყო მსოფლიოს საკრალურ ცენტრში მცხოვრებ განსაკუთრებული მისიის მქონე ერთობად. რელიგიური მოქცევა იყო მძლავრი სოციალური გამოწვევა. მან გამოავლინა ეთნიკური ჯგუფის დიდი შინაგანი ენერგია, რომელიც აისახა ეთნიკური რჩეულობის იდეოლოგიაში. ეს კი, თავის მხრივ, აღმოჩნდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართული ეთნიეს არაჩვეულებრივი განგრძობადობისა და მედეგობის განმაპირობებელი ფაქტორი.