რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – „ისტორიულ რომანს ვკითხულობ“. ასევე მყარია შთაბეჭდილება – „ეს პასაჟი მეცნობა“. საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული „გამოყენებული ლიტერატურა“ დაეხმარება. „მორიდებული ზურმუხტი“ უამრავ ალუზიას შეიცავს.