„მარტოხელა მგელი და გედის ნისლეული“ თითქოსდა ორ პოლუსს გულისხმობს, რადგანაც, ერთი შეხედვით, რა შეიძლება ერთმანეთთან საერთო ჰქონდეს ამ სიტყვათშეთანხმებებს? მაგრამ როსტომ ჩხეიძის ამ ორიგინალური ჟანრის – ბიოგრაფიული ნატეხები – ახალ ნიმუშში ეს მეტაფორული გააზრებანი რაიმე საპირისპიროს კი არა, სწორედაც ერთსადაიმავეს გულისხმობს: ერთი პიროვნების ხასიათს, კოლორიტულის, თავისებურის, დაუვიწყარის, მხატვრულ ლიტერატურაშიც რომ გარდასახულიყო ეპიზოდურ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან პერსონაჟად, მხატვრულ-იდეური დატვირთვის მქონეს. ეს პიროვნება ვლადიმერ ჟვანიაა, მარტოხელა მეამბოხე და მებრძოლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის, რომლის საძირკველშიც თვითონაც უნდა ჩატანებულიყო, ხოლო ის რომანი, რომელშიც მის ხასიათს უნდა ეჩინა თავი... თუმც ამის წარმოსაჩენადაც ეს მცირე წიგნი გელოდებათ – როგორც პიროვნების, ისე ეპოქის სულის გამომამჟღავნებლად".