ამ ნაწარმოებში გერმანელი ფილოსოფოსი მთელ თავის სტილისტიკურ არსენალს იყენებს: აქ ვხვდებით ეპიგრამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, ესეებს, ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ ანალიზს...
„კერპების მწუხრის“ სტრუქტურა, შესაძლოა ლაბირინთს შევადაროთ. აქ, რა თქმა უნდა, არის შესასვლელი, მაგრამ შესვლისთანავე ანუ კითხვის დაწყების შემდეგ მკითხველი უკვე ახალ გზაგასაყარზე დგას. ავტორს მიხვეულ-მოხვეული გზებით მივყავართ და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ისევ ლაბირინთის შესასვლელთან დავბრუნდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა, ლაბირინთის შუაგულში ამოყოს თავი, საიდანაც უკვე სრულიად გაურკვეველია, თუ სად არის ბოლო და სად – დასაწყისი. ამ დაბნეულობის ეფექტს ნიცშე სტილის სწრაფი მონაცვლეობითა და მკვეთრი განცხადებებით ახდენს. ნიცშე ცდილობს, განუწყვეტლივ გადაანაცვლოს პერსპექტივები და ამით მოცემული საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილოს. იგი არ ერიდება ალტერნატიული გზების ძიებას, იმის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ცოტა ხნის წინ თავად თქვა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მეთოდითაა შესაძლებელი „გაქვავებული“ ჭეშმარიტებების თავიდან აცილება და საკითხის მრავალგანზომილებიან ჭრილში გააზრება.