სამოციანი წლებიდან რაჭაში მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაიწყო, რაც შეუქცევადად გრძელდებოდა. სწორედ ამიტომ საქართველოს ეს ისტორიული კუთხე მეცნიერთა ყურადღების ცენტრში იყო, მიმდინარეობდა საგანგებო კვლევა-ძიება, მონოგრაფიულად შეისწავლებოდა რაჭის თითოეული სოფელი. კვლევის წინასწარი შედეგები ამ სტრიქონების ავტორის პუბლიცისტური ნარკვევის სახით – „რაჭა ეთნოგრაფის თვალით“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა „მეცნიერებამ" 1986 წელს დაბეჭდა. ,,იქ, სადაც იბადება რიონი" ნარკვევის მეორე წიგნია, სადაც კვლავ ნაჩვენებია რაჭის მრავალი სატკივარი და მეტ-ნაკლები სისრულით მოცემულია არსებული მდგომარეობის გამოსწორების გზები.