ნაშრომში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შედეგები. პროექტის ამოცანა იყო ქართველურ ენათა გლოტალიზებული თანხმოვნების ფონეტიკური ბუნებისა და ფუნქციონირების სპეციფიკის დადგენა როგორც ერთმანეთთან, ისე კავკასიის სხვა ენებთან მიმართებით. გლოტალიზაცია რთული ფონეტიკური ნიშანია და მისი მახასიათებლები საკმაოდ მრავალფეროვანია მსოფლიოს ენებში. ნაშრომში დადგენილია ქართველურ გლოტალიზებულთა ტიპები აკუსტიკური თვალსაზრისით და ნაჩვენებია, როგორ აისახება გლოტალიზაციის სახესხვაობები მათ ფუნქციონირებაში – დისტრიბუციულ და სტატისტიკურ მახასიათებლებში.