თეიმურაზ ბაგრატიონის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი მიმოწერა აკად. მ. ბროსესადმი (1802–1880). დასახელებული წერილები საყურადღებო ცნობებს შეიცავენ საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ. წერილებში ავტორს მოყვანილი აქვს მის დროს არსებული შეხედულებანი ამა თუ იმ ლიტერატურულ ძეგლზე და მისი ავტორის ვინაობაზე. ძვირფას ცნობებს გვაწვდის აგრეთვე XVIII-XIX საუკუნეების ქართველ მოღვაწეებზე.