ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სასიტყვეთი

გამოცემის წელი2008
გამომცემლობა

„სასიტყვეთი“ დიდხანს, ნაწილ-ნაწილ და მრავალ პირთან თანამშრომლობით იწერებოდა. 1966 წლიდან მოკიდებული, დღემდე უნივერსიტეტში ქართული ენისა და სტილისტიკის კურსებს ვკითხულობ; 1975-1989 წლებში საქართველოს ტელევიზიით ყოველკვირეულად ვსაუბრობდი ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ახლა კი ვუძღვები ჩემს საავტორო პროგრამას „მოგზაურობა სასიტყვეთში“; ათი წლის მანძილზე (1978-1988) ვრედაქტორობდი ჟურნალს „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავერი“). „სასიტყვეთი“ ჩემს ამ საქმიანობათა ერთგვარი ნაზავია – წიგნში თავი მოვუყარე და დამხმარე სახელმძღვანელოდ, სიტყვიერების მასწავლებლის შემხიდებლად შევკარი ის მასალა, რაც მე იმ წლებში პედაგოგიკურ ასპარეზზე მოვიმუშაკე... და – არა მარტო იმხანად: წიგნში შესულია ჩემი დღევანდელი ნარკვევები შოთაზე, ილიაზე, აკაკიზე, ჩემს პედაგოგებზე. 
და მაინც, წიგნის ხერხემალი, მისი არქიტექტონიკაც კი განსაზღვრა ჟურნალმა „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში": ჩემი რედაქტორობით გამოსული პირველი ნომრიდანვე ჯერ ინტუიციურად მივაგენი, შემდგომ კი გააზრებულად განვახორციელე პრინციპი – ყოველ ნომერს ჰქონოდა ეგრეთ წოდებული „მეწინავე თემა“ და მისძღვნოდა ან სიტყვიერების სწავლების რომელიმე საკვანძო პრობლემას, ან სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ ჩვენს თვალსაჩინო ერთ-ერთ მწერალთაგანს, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ჟურნალი უნდა შეჰხიდებოდა, პირველ ყოვლისა, სიტყვიერების მასწავლებელს: ყავლგასული სახელმძღვანელოები გვქონდა (და – ახლაც გვაქვს!) – მაშინდელ ჩვენს ჟურნალს თანამედროვე სახელმძღვანელოს მისიაც უნდა ეკისრა.

თამაზ კვაჭანტირაძე