ნაშრომში წარმოდგენილია მაღალმთიან აჭარაში, აჭარა-შავშეთის საზღვარზე მდებარე ხიხანის ციხეზე 2013-2017 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები, რომლებმაც საგრძნობლად გაამდიდრა ჩვენი ცოდნა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის შესახებ. გათხრებმა გამოავლინა რამდენიმე ნაგებობა, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი ხიხანის ისტორიის მკვლევართათვის. ახალმა აღმოჩენებმა სრულიად ახლებურად წარმოაჩინა და გადაწყვიტა ციხის ისტორიის მანამდე ბურუსით მოცული არაერთი საკითხი. გათხრების შედეგად გაირკვა ცალკეულ შენობათა თარიღები და მათი ფუნქცია, დაზუსტდა ციხის ქრონოლოგია და ა. შ.