თავისი დროის თვალსაჩინო ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს დავით მიქელაძეს - მეველეს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში. იგი ეკუთვნოდა ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას, რომელმაც უმწიკვლო, გაბედული, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობით ძვირფასი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის საგანძურში. მეველე ნიადაგ მხარში ედგა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრესა და ამირბარს ილია ჭავჭავაძეს და თავისი ნიჭით, კალმით და საჭიროების შემთხვევაში - მახვილითაც ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული კულტურის ისტორიას.