ამ წიგნში ხშირად შევეხებით ისეთ საგნებს, როგორიცაა სიბრძნე, ფატალობა, სამართლიანობა, ბედნიერება და სიყვარული. თითქოს ერთგვარ ირონიად ჟღერს ილაპარაკო ბედნიერებაზე, ძლივსღა რომ მოჩანს ამდენ მეტისმეტად რეალურ უბედურებაში; ილაპარაკო სამართლიანობაზე – ეგებ იდეალურზეც კი – შუაგულ და ვაი რომ მეტისმეტად ხელშესახებ უსამართლობაში; სიყვარულზე, რომელიც არცთუ იოლად მოსახელთებელია სავსებით თვალშისაცემ სიძულვილსა და გულგრილობაში... თითქოს უკვე იმის დროც აღარ არის, რომ ადამიანთა გულის ფარულ ნაოჭებში სურვილისამებრ ვეძებოთ რაიმე მოტივი ნდობისა თუ სიმშვიდისათვის, რაიმე მიზეზი მადლიერებისა და აღტაცებისთვის მაშინ, როცა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს, რომლის სახელითაც თავს უფლებას ვაძლევთ ხმა ავიმაღლოთ და რომელიც შორს არის იმისგან, რომ დაეწაფოს წყურვილმოკლული მოაზროვნის მიერ განდიდებულ, თუმცა კი ესოდენ ძნელად მოპოვებულ შინაგან სიხარულებსა და სიღრმისეულ ნუგეშებს, – ამ კაცობრიობას არც თვითრწმენა ჰყოფნის და არც დრო, რომ ბოლომდე გამოცალოს ცხოვრებისეულ უსიამოვნებათა და მწუხარებათა თასი.