წინამდებარე შრომა, „საქართველოს მცენარეული საფარი“ მრავალი წლის პირადი დაკვირვებისას და იმ დიდძალი მასალის ერთგვარი შეჯამების ნაყოფია, რომელიც ჩვენში უმთავრესად საქართველოსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ბოტანიკოსების მუშაობის შედეგად დაგროვდა, პირველად, ანალოგიური შრომა, „საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები“, გამოვაქვეყნე 1935 წელს, რომელიც ჩვენი მცენარეული საფარის მხოლოდ ათიოდე წლის შესწავლის შედეგს წარმოადგენს. ამჟამად კი სულ სხვა მდგომარეობაა, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ თითქმის 40 წლის მრავალნაირი მუშაობის შედეგით. ამ ნაშრომში, რასაკვირველია, გამოყენებულია ყველა ის მასალა, რაც საქართველოსა და კავკასიის მცენარეულ საფარს შეეხება და 1959 წლამდე გამოქვეყნდა.
1953-1959 წლებში შესაძლებლობა მომეცა ერთხელ კიდევ მომენახულებინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, განსაკუთრებით გულდასმით იქნა გადათვალიერებული შირაქის ველი, მეტადრე ნათელი ტყეები, სადაც ნათელ ტყეებთან კონტაქტში აღინიშნა მუხნარ-რცხილნარები და ამ უკანასკნელის არსებობა საქართველოს ველების უკიდურეს აღმოსავლეთში – უფადარსა და ზილიჩას შორის, მლოკოსევიჩის იორდასალმის არსებობა შირაქის ხევებში და სხვა მრავალი; აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მუხნარები, ნათელი ტყის ელემენტების გავრცელება ფოლადაურისა და მაშავერის ხეობებში, მოვიარე აგრეთვე ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ტეხურისა და აბაშის ხეობები, ლიახვის ხეობისა და არაგვის ხეობის ტყეები და სხვა მრავალი ადგილი, რის შედეგადაც გამდიდრდა ჩანაწერები მცენარეულობის შესახებ, რამაც საშუალება მომცა გადამეთვალიერებინა ზოგიერთი შეხედულება, ახალ მასალაზე დაყრდნობით გამეშუქებინა და გამევრცო იგი, აგრეთვე გამემდიდრებინა პირადი ფოტოარქივი საქართველოს მცენარეული საფარის რამდენიმე ათასი ახალი ფოტოსურათით.
ავტორი