დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიაში, მის ნააზრევსა და ნამოღვაწარში ზედმიწევნითი სიზუსტითაა აღბეჭდილი XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და აზრის ჩამოყალიბება-განვითარებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტი, ამდენად, წინამდებარე ტომში თავმოყრილი ტექსტები საინტერესო მასალაა როგორც საკუთრივ დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება-მოღვაწეობის, ისე საერთოდ XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მეცნიერული შესწავლისთვის. აგრეთვე, იმ პოლიტიკური, კულტურული თუ ფსიქოლოგიური ატმოსფეროს წარმოსადგენად, რომელშიც ცხოვრობდა და ნაციონალური თვითარსებობის შენარჩუნება-განვითარებისთვის იბრძოდა ქართველი საზოგადოებრიობა მოცემულ ეპოქაში.