რომანი "მხევალი უფლისა“ ეძღვნება ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას სპარსელი დამპყრობლების წინააღმდეგ მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში. თხრობის ცენტრში დგას ქართული სამოციქულო ეკლესიის და მშობელი ერის მიერ წმინდანად შერაცხილი დედოფალი ქეთევანი, რომელიც ეწამა სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, სპარსეთის მპყრობელ პირსისხლიან შაჰ-აბასის წინაშე კი ქედი არ მოიდრიკა. ქეთევანის გვერდით რომანში მოქმედებენ ისტორიული გმირები იმ დროისა, მეფეები, მხედართმთავრები, უცხოელი მისიონერები, მოგზაურები, უბრალო ხალხის წარმომადგენლები. მკითხველის თვალწინ გაივლის კახეთის აოხრება, მისი მოსახლეობის აყრა მამაპაპეულ საცხოვრისიდან და გადასახლება შორეულ სპარსეთში. საქართველო მარცხდება ომში, სისხლისაგან იცლება, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას, გაუტეხელია, კვლავაც იარაღს ისხამს მტრის გასადევნად და, ცხოვრების თავიდან დასაწყებად.