წიგნი შედგება ოთხი თავისაგან და წარმოადგენს სპილენძ-ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის შესწავლის ცდას. პირველ თავში განხილულია ქულბაქების ნამოსახლარი. ამ მასალისა და სხვა ძეგლების საფუძველზე ავტორი იკვლევს ამიერკავკასიის ენეოლითური კულტურის საკითხებს, მის თავისებურ ხასიათს და საგანგებოდ ჩერდება ამ კულტურის წარმოშობის, გავრცელებისა და ურთიერთობის გარკვევაზე, აგრეთვე ცდილობს მისი განვითარების საფეხურების დადგენას. მეორე თავში შესწავლილია ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები. ყვირილის აუზის ზემო წელის ყორღანები კოლექტიური სამარხებით და ძაღინას სამაროვანი, განსაკუთრებით დიდი ადგილი აქვს დათმობილი საჩხერისა და ქორეთის საგვარეულო სამაროვნებს. განხილულია დასაფლავების წესი და სამარხეული ინვენტარი, ახალი მასალის საფუძველზე მოცემულია ამ სამაროვნების პერიოდიზაციის ცდა. მესამე თავი მოიცავს დოლმენური კულტურის ადრეულ საფეხურს. ახალი მასალის საფუძველზე მოცემულია აფხაზეთის დოლმენების პერიოდიზაციის ცდა. ავტორი ფიქრობს, რომ დოლმენების მშენებლობის ხანა ჩვენში ადრე და შუა ბრინჯაოს პერიოდზე მოდის. დასკვნით ნაწილში მოცემულია სპილენძ-ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ზოგადი დახასიათება და განხილულია საქართველოს მიწა-წყალზე ამ ხანაში მოსახლე ტომების ისტორიის ზოგიერთი საკითხი.