კრებული ოთხი ნარკვევისაგან შედგება. პირველი: ,,ღვთისმშობლის სარტყელი და საქართველო” (ნ. ხაზარაძე) საქართველოსთვის ამ უწმინდესი რელიკვიის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ავტორი სათანადო არგუმენტების მოხმობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვთისმშობლის სარტყელს საუკუნეების მანძილზე სათუთად ინახავდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. იმავე ავტორის მეორე ნარკვევი: „მართლმადიდებელი სამყარო და ქართველი ქალი” საქართველოს სამოციქულო ეკლესიისადმი ქართველი ქალის დამოკიდებულების ასახვის ცდაა. მესამე ნარკვევში: „ქალი და ძველი ქართული სამედიცინო კულტურა” (ნ. მინდაძე) ქართველი ქალი როგორც ქართული ხალხური, ისევე პროფესიული, საგვარეულო-საოჯახო მედიცინის ისტორიის კონტექსტშია წარმოჩენილი. მეოთხე ნარკვევში: ,,წმ. ბარბარე ქართულ ტრადიციაში” (ნ. მინდაძე) შესწავლილია საქართველოში წმ. ბარბარეს თაყვანისცემის საკითხი.