სად და როგორ ვიშოვოთ ფული ახალი პერსპექტიული ბიზნესის დასაწყებად! როგორ წარმოვაჩინოთ პროექტი და დავარწმუნოთ ინვესტორები მის პერსპექტიულობაში? ეს და სხვა კითხვები აწუხებს მეწარმეთა უმრავლესობას, რომელთაც საკუთარი პროექტებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიების პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. მათ მხსნელებად შეიძლება ბიზნეს–ანგელოზები მოევლინონ. ბიზნეს-ანგელოზები კერძო არაფორმალური ინვესტორები არიან, რომლებიც ფულს დამწყებ, არალიკვიდურ საწარმოებში აბანდებენ წილობრივი მონაწილეობის ან სესხის სახით, უზიარებენ გამოცდილებას და სასარგებლო კონტაქტებს. ბიზნეს-ანგელოზების კაპიტალი წარმოადგეს ინვესტიციების სტანდარტული ფორმების ალტერნატივას. წინამდებარე სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ბიზნეს-ანგელოზების კაპიტალის მოძიების პროცესი, მათი მონაწილეობით პროექტების განხორციელების მექანიზმი, არაფორმალური ინვესტიციების სექტორის ფუნქციონირების უცხოური გამოცდილება და მისი განვითარების თავისებურებები საქართველოში. იგი კარგი გზამკვლევი იქნება როგორც დამწყები და გამოცდილი მეწარმეების, ასევე, მოქმედი და პოტენციური ბიზნეს-ანგელოზებისათვის.