2013 წლის 22 ოქტომბერს ლევან ურუშაძე სამ მეგობართან ერთად თბილისში ბრუნდებოდა (თავისი მანქანით, საჭესთან იჯდა თვითონ) ოზურგეთიდან. დილის დაახლოებით 9 საათზე რიკოთის უღელტეხილსა და გორს შორის, ცალმხრივ საავტომობილო გზაზე იგი ავტოავარიამ იმსხვერპლა. 2013 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ლევან ურუშაძე, როგორც გამოჩენილი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება. 2014 წლის 29 მარტს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მუზეუმის გენერალური დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრის დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით ჩატარდა ლევან ურუშაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ლევან ურუშაძის პირადი არქივი და ბიბლიოთეკის ნაწილი გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. გთავაზობთ ამ ღირსეული ქართველი მამულიშვილის შესახებ აღნიშნულ გამოცემას, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს როგორც სამეცნიერო წრისათვის, ასევე ახალგაზრდა მკითხველთათვის.