,,უძველესი ქართული რედაქციები ბასილი კესარიელის შრომისა „ექუსთა დღეთაჲ" და გრიგოლი ნოსელის წიგნისა „კაცისა აგებულებისათჳს“ წარმოადგენენ ქართული მწერლობის ძველი ხანის (VIII–IX სს-ის) ძეგლებს. დასახელებულ თხზულებათა ორ-ორი ძველი ქართული თარგმანი არსებობს. ერთი წყება ეკუთვნის XI ს-ის ცნობილ ქართველ მწერალს გიორგი მთაწმიდელს, ხოლო მეორე წინ უსწრებს მას და შესრულებული ჩანს VIII-IX სს-ში, საფიქრებელია, პალესტინაში. ადრინდელი რედაქციის ამ წყებიდან ტექსტი ბასილი კესარიელისა („ექუსთა დღეთაჲ") მიკვლეულ იქნა 1960 წელს იერუსალიმის ქართული ხელნაწერები მიკროფილმებს შორის, რომლებიც ჩვენში ხელმისაწვდომი გახდა 1956 წლიდან; ხოლო გრიგოლი ნოსელის თხზულება „კაცისა აგებულებისათჳს“, რომელიც მისი ძმის ბასილი კესარიელის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს, ნ. მარის ძიებათა შედეგად ცნობილი შეიქნა 1889 წლიდან. ბასილი კესარიელისა და გრიგოლი ნოსელის დასახელებულ თხზულებათა უძველესი ქართული რედაქციების მეტად დიდმა მნიშვნელობამ როგორც ქართული ენისა და მწერლობის, ისე საქართველოს ადრინდელ კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის შესწავლისათვის განაპირობა მათი მომზადება გამოსაცემად. გამოქვეყნებისადმი ინტერესი იმითაც იყო გაძლიერებული, რომ ისინი უხვად შეიცავენ ძველ ქართულ საბუნებისმეტყველო ტერმინოლოგიას, ტექსტები ქვეყნდება პირველად, მათ დართული აქვს გამოკვლევა და ვრცელი ლექსიკონი".