წინამდებარე წიგნი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ შოთა მესხიას (1916-1972 წწ.) გამოსაცემად განზრახული თხზულებათა სამტომეულის პირველი ტომია. მეცნიერმა გამოიკვლია ფეოდალური საქართველოს ისტორიის ისეთი წამყვანი პრობლემები, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები„ ქალაქების ისტორია და საქალაქო წყობა; შეისწავლა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხები.
პირველ ტომში წარმოდგენილია შ. მესხიას მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი გამოკვლევები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ცალკეულ ნაშრომებში პირველწყაროებისა და სპეციალური ლიტერატურის შესწავლა-შეჯერების საფუძველზე დასმულია და ორიგინალურადაა გადაწყვეტილი ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ვაჭრობა-ხელოსნობის, კლასობრივი ბრძოლებისა და სხვა საკითხები. წიგნში შეტანილი გამოკვლევები ფართო საზოგადოებისათვის მისაწვდომადაა დაწერილი და, ბუნებრივია, დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.