ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სიტყვები და საგნები

ავტორიმიშელ ფუკო
გამოცემის წელი2004
გამომცემლობადიოგენე
რედაქტორილალი ქადაგიძე

თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ მოძღვრებას წარმოადგენს პოსტმოდერნიზმი,რომელმაც ფართო დასაყრდენი ლიტერატურასა და ხელოვნებაშიც პოვა. ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა წარმოიშვა საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიო კულტურაში თავისი საპატიო ადგილი უჭირავს, რომ არაფერი ვთქვათ მის მდიდარ წარსულზე. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ სულისჩამდგმელად და მამამთავრად ფილოსოფოს მიშელ ფუკოს აღიარებენ.
ფრანგული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლის მიშელ ფუკოს ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლურ აზროვნებაზე. მიშელ ფუკო, საოცრად ფართო განათლებისა და მახვილი ინტუიციის მქონე მკვლევარი, შეეცადა ისტორიის მიერ უგულებელყოფილი წყაროების კვლევით ევროპული რაციონალური აზროვნების პრიმატის დასაბამის იმ შრეებისათვის მიეღწია, სადაც რაციონალური ჯერ კიდევ არ უპირისპირდებოდა აზროვნებისა და, საერთოდ, გაგების განსხვავებულ ფორმებს. ფუკოსეული ფილოსოფიური კვლევის დამსახურებად მიჩნეულია ისიც, რომ ფრანგული პოსტსტრუქტურალიზმი პოსტმოდერნიზმის ავანგარდად იქცა, რაც ნათლად მეტყველებს ფრანგი მოაზროვნის თხზულებათა განსაკუთრებულ ღირებულებაზე.
ფუკოს წიგნებსა და სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ სტატიებში განხილულ პრობლემათა ფართო სპექტრი მიუთითებს ფილოსოფოსის მრავალმხრივ ინტერესებზე, პრობლემათა სიღრმისეული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები კი მის უზადო მეცნიერულ ალღოსა და საოცარ განსჯით ნიჭზე მეტყველებს. ფუკოს შრომები მსოფლიოს 60-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ქართულ საზოგადოებას ადრევე მიეცა საშუალება გასცნობოდა ფუკოს ნააზრევს. ჯერ კიდევ 1969 წელს გ. ბუაჩიძემ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „მიშელ ფუკო სიტყვებსა და საგნებს შუა" („მიმომხილველი“,9/6).