X ს-ის სომეხი ისტორიკოსის უხტანესის თხზულება „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“" პირველი ცდაა VII ს-ის დამდეგს ქართველთა და სომეხთა შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილების შესწავლისა დოკუმენტური მასალის საფუძველზე. იგი მნიშვნელოვანია არა მარტო აღნიშნული ხანის ამიერკავკასიის ისტორიის შესასწავლად, არამედ X ს-ის II ნახევრის სომხეთში განხეთქილების საკითხებზე შექმნილი საზოგადოებრივი აზრის გამოსავლენადაც.
წიგნში სომხური ტექსტი ქვეყნდება ქართულ თარგმანთან ერთად. გამოკვლევაში განხილულია საეკლესიო განხეთქილებასთან. დაკავშირებული წყაროთმცოდნეობით-ტექსტოლოგიური საკითხები. ავტორი კვლავ უბრუნდება ისეთ მნიშვნელოვან წყაროთმცოდნეობით პრობლემებს, როგორიც არის ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხები ძველ სომხურ მწერლობაში, ცნობები ცურტავის საეპისკოპოსოს სამღვდელმსახურო ენის შესახებ და სხვ.