წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს 2010-2011 წლებში გამოქვეყნებული კრებულის „ქრისტიანული კავკასიის“ მესამე ნაწილს, რომელშიც თავმოყრილია ქართველი წყაროთმცოდნის, ისტორიკოსისა და ფილოლოგის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის შრომები, რომლებიც 2010-2016 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებსა თუ სამეცნიერო კრებულებში.
გარდა სტატიებისა, კრებულში შევიდა სხვადასხვა მონოგრაფიების ნაწილებიც, რომელთაც დასრულებული სტატიების სახე აქვთ და მათი ცალკე გამოქვეყნება ხელმისაწვდომს გახდის მკითხველთა ფართო წრისათვის. ასევე, კრებულში შესულია ადრე ქართულ ენაზე გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიის რუსული თარგმანი, რომელიც სხვა გამოუქვეყნებელ ნაშრომებთან და სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხულ მოხსენებებთან ერთად პირველად იბეჭდება.
მასალა წიგნში განთავსებულია ქრონოლოგიის მიხედვით. თითოეულ სტატიას ახლავს ორიგინალის გამოცემის ადგილი, თარიღი და გვერდების მითითება, ტექნიკური ცვლილებების გარდა ორიგინალის ტექსტი სრულად არის დაცული.
სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სტატიათა სტრუქტურა, ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის მითითების თავისებურებები სრულად არის დაცული.