,,ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (მაშინდელი ტოპონიმიკის ლაბორატორიის) მიერ სამჯერ (1984, 1985, 1986 წწ) გახლდით მივლინებული ცხინვალის რეგიონში გეოგრაფიული სახელების, ანუ ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების, აგრეთვე საეკლესიო-საკულტო სახელების ჩასაწერად. კიდევ ვაპირებდი წასვლას, რათა ამომწურავად მოგვეპოვებინა აღნიშნული მასალა, მაგრამ აღარ მოხერხდა... რეგიონის სრულად აღწერის პრეტენზია არც მაშინ გვექნებოდა, კიდევ ორჯერ რომ მოგვეწყო ექსპედიცია, მაგრამ, ბუნებრივია, ტოპონიმთა რაოდენობა გაიზრდებოდა. წიგნში წარმოდგენილი მონაცემებით (დაახლ. 3600-ზე მეტი ერთეული), ჭარბობს ქართულენოვანი ონიმები. შემდგომი აღწერა გაზრდიდა ოსურენოვანი მასალის რაოდენობას, მაგრამ პარალელურად გაიზრდებოდა ქართულენოვანი საკუთარი სახელებიც. ცხინვალის რეგიონში ქართულენოვან ტოპონიმთა სიჭარბე ამ მხარის ქართული სივრცის კიდევ ერთი დამადასტურებელია. ბუნებრივიცაა: ცხინვალის რეგიონი შიდა ქართლის, შეიძლება ითქვას „საქართველოს გულის“ ნაწილია. ტოპონიმები ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსების ქართლში დამკვიდრებაზეც მეტყველებენ" – ქეთევან გოდერძიშვილი.