წიგნში გაეცნობით ისტორიას იმ გამოჩენილ უცხოელებსა და წარმოშობით არაქართველ პირებზე, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ, ან გარკვეული დროით ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში და თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართულ კულტურაში, იქცნენ ჩვენი კულტურული, მეცნიერული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ზოგიერთი საქართველოში დაიბადა და შემდეგ, საქართველოს გარეთ მოღვაწეობისას, მიაჩნდა, რომ ერთგვარი „ვალი ჰქონდა“ ქართული მიწისა. ზოგიერთი თავს თბილისელად თვლიდა, უფრო მეტიც, თბილისელობა ეროვნების ტოლფასი იყო მათთვის: „მე ეროვნებით თბილისელი ვარ“ – ამბობდა სერგო ფარაჯანოვი. არტურ ლაისტისათვის საქართველო „სამშობლონაცვალი“ იყო. თავის მხრივ, ქართველები ამას აფასებდნენ: ილია ჭავჭავაძე არტურ ლაისტს „შორეულ თავისიანად“ მოიხსენიებდა. წიგნში შეხვდებით იმ გამოჩენილ უცხოელებსაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ (ზოგი ხანგრძლივად) და, სამშობლოში დაბრუნებულები, ქართული კულტურისა თუ ლიტერატურის პოპულარიზაციას ეწეოდნენ.