კრებული შედგება შვიდი კარისაგან. წარმოდგენილია ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის ეკლესია-მონასტრის (სტამბოლის ქართული სავანის) ბიბლიოთეკასა და არქივში დაცული პუბლიცისტური და კერძო (ურთიერთმიმოწერის) წერილები, მემუარული ჩანაწერები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნული მთავრობის საქმიანობის ამსახველი მასალები, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების მქონე ისტორიული წყაროები. კრებულის პირველ კარში მოცემულია საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულებული ნაშრომები და სტამბოლის ქართული სავანის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა – პაულა და პავლე ზაზაძეების – თანაავტორობით შესრულებული ის სტატიები, რომლებიც მათ მიერ წაკითხულ იქნა ვატიკანში გამართულ, პეტრე ხარისჭირაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ, სამეცნიერო კონფერენციაზე.