ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მეგრული ლექსიკონი

გამოცემის წელი2010
გამომცემლობაარტანუჯი
რედაქტორიმერაბ ჩუხუა

„სრული გვიან საპოვნარია" – წერდა სულხან-საბა, ვინაც ტიტანური შრომა გასწია ქართული ლექსიკის აღნუსხვისათვის და ერთობ კრიტიკულად აფასებდა თავის ნაღვაწს, ვარაუდობდა რაკი მარადმედინი ჟამის მიერ წარეცხილი ძირძველი სიტყვების სიმრავლეს... 
და თუ დამწერლობის მქონე ენიდან დროებით გამქრალი, მივიწყებული ესა თუ ის სიტყვა შეიძლება გადარჩეს და მოიძებნოს წერილობით ძეგლებში, ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში, შრომას ლექსიკოგრაფისა, ვისაც უმწერლობო ენის ლექსიკონის შედგენისთვის მიუყვია ხელი, ერთიორად ართულებს სიტყვის მოუხელთებლობა მისი სასიცოცხლო გარემოს თავისებურების გამო: ფოლკლორი და ცოცხალი მეტყველება, ბუნებრივია, ისე ვერ იცავს სიტყვას, როგორც წერილობითი ძეგლი, ამასთან, ლექსიკოგრაფის თვალსაწიერში, შესაძლოა, ვერც მოხვდეს ხშირად მხოლოდ თითო-ოროლა სოფლის მკვიდრთა ლექსიკაში შემორჩენილი ძირძველი სიტყვა. 
წინამდებარე ლექსიკონი მრავალი ათეული წლის შრომის ნაყოფია, მასში შესული სიტყვების უდიდესი ნაწილი ძირითადად აფხაზეთში (შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს ეფუძნება და, რა თქმა უნდა, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაში მოღვაწეთა მიერ დაფიქსირებულ და დასტამბულ ნიმუშებს, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებულ და გაანალიზებულ კოლხიზმებს, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს („მეგრული სალაროა ძველი ქართული სიტყვებისა.,."). 
ავტორი ქედს იხრის იოსებ ყიფშიძის, ალექსანდრე ცაგარლის, არნოლდ ჩიქობავას, დანიელ ფიფიას, პეტრე ჭარაიასა და გივი ელიავას წინაშე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით მეგრული ლექსიკის დაფიქსირებისა და შესწავლის საქმეში. 
ლექსიკონზე მუშაობისას არ გვტოვებდა დიადთან მიახლოების განცდა, სიტყვის არსში წვდომის მცდელობისას ხშირად უეცრად გამოანათებდა დიდი კოლხეთის მითიური წარსული, წინაპართა აზროვნების სიღრმე, მეტყველების ხატოვანება... მოდიოდნენ აიეტის, გუბაზის, ქუჯის, იოანე ლაზის, იოანე მინჩხის, გიორგი ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, კონსტანტინე გამსახურდიას, ტერენტი გრანელის, ზვიად გამსახურდიას ძვირფასი ლანდები, გვმატებდნენ ჭირთათმენის უნარს, მხნეობას სამეგრელოს სულს დაჩნეულ ძველსა და ახალ იარებზე დარდისას, გვანიჭებდნენ ძალას ხვალინდელ დღეზე ფიქრით გვეპასუხა უდიერთაგან ნასროლი ტყვიებისათვის თუ ტყვიაზე მტკივნეული როყიო სიტყვებისთვის და დიდი კოლხეთის უკვდავების, სრულიად საქართველოს გაბრწყინების იმედით გაგვეგრძელებინა მუშაობა.

ავტორი