„ჯოჯოხეთურ დანაშაულთა სამასფურცლიანი მატიანე“, – ასე შეიძლება ეწოდოს ამ წიგნს. აქ მოკლედ, ნათლად და მახვილგონივრულადაა აღწერილი სამასამდე პაპისა და სხვა უთვალავი მღვდელმთავრისა თუ რიგითი მღვდლის გაუგონარი სიავის. სისასტიკის, სიხარბის, ანგარების, გარყვნილების, ფარისევლობის მკვლელობისა და ინტრიგების საოცარი ამბები. აქ ასობითაა ისეთი ამბავი, ეპიზოდი თუ მცირე ნოველა, რომლებზედაც ცალკე მოთხრობების, ტრაგედიებისა და რომანების შექმნა შეიძლება და შეიქმნა კიდეც.
ნიჭიერი ფრანგი მწერლისა და ჟურნალისტის, ბნელეთის მოციქულთა რისხვის – კარდინალ ლეო ტაქსილის (1854-1907) ეგზომ დიდი შრომის ნაყოფში, რასაც ქართველი მკითხველი ახლა პირველად გაეცნობა, ნიღაბახდილია ქრისტიანული რელიგიის მთელი რეაქციული არსი და აღნუსხულია ძირითად ხაზებში ის დანაშაულნი, რომელთა მსგავსს ვერ იპოვით ვერც ძველი და ვერც ახალი, ვერც აღმოსავლეთის და ვერც სამხრეთის რელიგიების ისტორიაში.
მკითხველს რკინის ნერვები დასჭირდება, რომ დამშვიდებით წაიკითხოს უზნეობისა და უკაცურობის ამდენი მაგალითი, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ, რასაც ის მხოლოდ წაიკითხავს, ხალხებს თავიანთ ზურგზე გადაუტანიათ. წიგნის მიზანიც ნათელია: არა გარყვნილებისა და უკაცურობის ქადაგება, არამედ, პირიქით, შეძულება ამ ბოროტებათა და საერთოდ ფარისევლობაზე აგებული იმ რელიგიისა, რაც ამდენ მსხვერპლს ითხოვდა.
ამ აზრით ეზიარა ტაქსილის წიგნს მსოფლიო და ამ აზრით სთავაზობს მას გამომცემლობა ქართველ ხალხს.